Tuesday, December 14, 2010



მიზანმორღვეულები

თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ უკვე დიდი ხანია ვამტკიცებ, გავცივდითთქო...

რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ არ ვაჭარბებდი...

მეტსაც გეტყვით, უბრალოდ კი არ გავცივდით, გავყვითლდით, გავიყინეთ, გავბოროტდით და მოვწყდით მთავარ მიზანს, რომელიც ერთი შეხედვით ერთი გვქონდა ან უნდა გვქონოდა - ამ მიზანს დედამიწაზე ადამიანად ცხოვრება ერქვა... ანგელოზობა კი არა, ადამიანობა...

ერთი შეხედვით მარტივი მიზანი კუბოს კარამდე კი არა, ზოგმა 20 წლამდეც ვერ მოიტანა. თუმცა კვლავ ვაგრძელებთ წირვა-ლოცვისა და ქადაგების მოსმენას... ნეტავ რა სინდისით???

ურთიერთობები რომ გაცივდა იმას ვამტკიცებ, თუმცა თითქმის რომ აღარ არსებობს ეს ურთიერთობები ამაზე არ მიფიქრია... რაც გვაქვს ისიც დისკომფორტს გვიქმნის, დიალოგის ერთი ან მეორე მხარის ბოღმანარევი ქარაგმების გამო... ჩვენი კომუნიკაციის პროცესი სოციალური ქსელებით შემოიფარგლება, ალბათ ამის გამოა მას დიდ მომავალს რომ უწინასწარმეტყველებენ...

ერთი შეკითხვა მაწვალებს, როგორ შეიძლება მამა ვიტალის ცხოვრების მკითხველი ”რბილად” გკბენდეს, თავმოყვარეობას გილახავდეს (ყოველ შემთხვევაში ცდილობდეს)... ამავე დროს კდემამოსილებაზე, ჰუმანიზმის პრინციპებზე, სიკეთესა და სიყვარულზე აშკარა ყალბი აღფრთოვენებით საუბრობდეს...

ესენი ზუსტად ისეთ ქვეყანას ააშენებენ, როგორზეც ოცნებობენ... სადაც ამა სოფლის ძლიერები ზემოთ არიან, დანარჩენები კი ქვემოდან უმღვრევენ წყალს... სადაც პატარასთან დიდები იქნებიან და დიდებთან თავმოკატუნებულები... სადაც სუსტი, დაუცველი, გაუნათლებელი და უნიჭო მოიკვეთება პირისაგან მიწისა... სადაც სასაპნე ქარხანა წარმატებით გადაგ(ვ)ამუშავებს სურნელოვან საპნად... სადაც მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურად სუფთები იარსებებენ... სადაც ჰუმანიზმის ადგილი არ იქნება... და სადაც მხოლოდ ისინი იქნებიან...

ბოლოს?? ბოლოს ერთმანეთი ისე შემოეხარჯებათ, რომ სასაპნე ქარხნისთვისაც აღარ ივარგებენ... დაილევიან, როგორც ეტგარ კერეტის პერსონაჟი ცოლ-ქმარი ილევა მათი შვილის გაზრდის ხარჯზე... ისინი თავიანთში ბოროტებას ზრდიან, რომელიც მალე მთელ სხეულზე მოედებათ... ეს ყველაფერი კი გულიდან დაიწყება... უგულოდ ცხოვრებას კი საპნის ბედი უთუოდ სჯობს...

მაინც მოუწევთ ”უახლოეს” განსაწმენდელში საკუთარი სხეულის დატოვება, თუმცა უგულოდ, მაგრამ მაინც...

პ.ს. ეჰ, ნეტავ, მე სად ვარ? რა ვიცი ვარ?? იქნებ არცა ვარ?? ან რაღა ვარ?? ან აქა ვარ??

Tuesday, November 2, 2010


თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია - დოსტოევსკი


ღმერთიც გვწამდა, ხატიც, ჭირიც და ლხინიც რომ გვკითხოს კაცმა, თურმე ყველაზე კარგი ერი ვართ, ჩვენვე გამოვიგონეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ვცხოვრობთ, რომ ღმერთთან მისვლა იმიტომ დავაგვიანეთ, რომ მას ვადღეგრძელებდით, არადა...... ვღრეობდით, ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვტკბებოდით, ანუ ვაკეთებდით იმას, რაც შეგვიძლია და კარგად გამოგვდის.....
რომ გვკითხოთ, გვიყვარს ღმერთი, რეალურად კი ერთმანეთი კი არა, საკუთარი თავიც კი არ გვიყვარს.....

დავდივართ ეკლესიებში, მეტანიებს და ლოცვებს აღვავლენთ, ვმარხულობთ, სანთლებით ვანათებთ საკურთხევლებს, ეკლესიაში შემოსულ მათხოვრებს ვეხმარებით, მოძღვარი გვიკურთხებს პურს, წყალს, ჰაერს, მანქანას, სახლს, კოცნას და სექსსაც კი....

ვლოცულობთ გულმხურვალედ და მეტროს ესკალატორზე ძლივს შემომდგარ მოხუც კაცს დავცინით, ”სოფლელსა” და ”ჩამორჩენილს” ვუწოდებთ... ლამის ჩადრჩამოფარებულებმა ვიაროთ და ამ დროს შეგვიძლია ადამიანი შევიძულოთ იმიტომ, რომ ”ვინმესტია”, იმიტომ რომ ჩინელია და თან მომრავლდნენ, იმიტომ რომ ინდოელია და სამედიცინოში სასწავლებლად ჩამოეთრნენ, იმიტომ რომ რუსია და ოკუპანტია, იმიტომ რომ პანკი, როკერი და ცხვირგახვრეტილია და იმიტომ რომ ....

მიტევებას, სიყვარულს, სამართლიანობას ვქადაგებთ ყოველ დღე, ჩვენ კი ერთმენეთს თვალიდან ფხას ვუღებთ, პატარა შეცდომას არ ვპატიობთ და მსჯავრიც ჩვენ თვითონ გამოგვაქვს.... ვკლავთ, ვაუპატიურებთ, ვაწამებთ, ვატყვევებთ, ვწვავთ, ვჭამთ.....

ვთამაშობთ..... ვიგებთ, ვაგებთ, ვაწყობთ, ვარჩევთ

ვსვავთ, ვეწევით, ვიკეთებთ......

ქრისტიანული თეოლოგია გვასწავლის, ჩვენ იმიტომ გავჩნდით, რომ გვიყვარდეს შემოქმედი და ერთმანეთიო, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შემოქმედი, მაგრამ არ გვიყვარს ერთმანეთი.... ყველა მითითებას პირნათლად ვასრულებთ, სანამ შემოვა პერსონიზაცია....

ათეისტები ბევრად პირნათელნი არიან ღმერთთან.....

სოკრატესთვის ცოდვა ცუდის არცოდნა იყო, ჩვენ კი ვცდილობთ ნაკლები ვიცოდეთ, ჩვენთან არცოდნა არცოდვაა......

ხელს ვიშვერთ მისკენ, პატიებასა და შეწევნას ვითხოვთ შეცოდებისათვის, გარეთ გამოვალთ და გვავიწყდება.... ღმერთი გვიყვარს, ადამიანები კი არა.....

გავნელდით, გავგრილდით, გავცივდით, გავთეთრდით.....

Friday, October 22, 2010


არასოდეს არაფერს არ ვთვლი, არც ვწონი, არც ვზომავ, არც ვანგარიშობ... ბავშვობიდან არ მიყვარს ციფრები...

არასოდეს არ ვცდილობ ვიყო ყურადღებიანი, თბილი, მეგობრული, გულისხმიერი.... ბავშვობიდან ვერ ვიტან სიყალბეს...

არასოდეს არ ვჯდები საჭმელად პირველი..... ბავშვობიდან ვერ ვიტან მაგიდის გაშლას.....

არასოდეს არ ვდგები სუფრიდან ბოლო....

არასოდეს გავსულვარ საქართველოს ფარგლებს გარეთ..... იმიტომ კი არა, რომ სამშობლო მიყვარს, პატრიოტი ვარ ან ჩემი ქვეყნის გარდა ვერსად ვიცხოვრებ..... უბრალოდ ვიზას არ მაძლევენ...

არასოდეს გამისინჯავს გველი, ბაყაყი და სხვა ათასი საზიზღრობა, იმიტომ კი არა, რომ არ მაინტერესებს, უბრალოდ ფულს ვერასოდეს გავიმეტებ ბაყაყში...

არასოდეს შემყვარებია უგონოდ, უზომოდ, ცამდე და იმის იქით, იმიტომ კი არა, რომ გული არ მაქვს, არ შემხვედრია უბრალოდ ჯერ......

არასოდეს არ ვირჩევ მეგობრებს მათი სოციალური სტატუსით, რელიგიური ნიშნით, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, იმიტომ კი არა, რომ მძულს რასიზმი ან რამე სხვა ”იზმი”, უბრალოდ არც ერთი მეგობარი არ მყავს....

ვინტერესდები ყველაფრით: პოლიტიკით, ეკონომიკით, სპორტით, კულტურით, ჯანდაცვით, განათლებით, სოციალური ქსელით, რელიგით...... იმიტომ კი არა, რომ მაინტერესებს, უბრალოდ მჭირდება.....

თავისუფალ დროს ვკითხულობ წიგნებს, იმიტომ კი არა, რომ ნაკითხი ვიყო.... უბრალოდ დრო გამყავს....

არასოდეს არ ვტირი, არ ვწუწუნებ, იმიტომ კი არა, რომ არაფერი მაწუხებს..... თავზე არ გახვევთ.....

არასოდეს ვარ გულწრფელი, გილღია, მიმნდობი... უბრალოდ ეს ათასგზის ადაპტირებული მეთოდია, როგორ არ უნდა გეტკინოს გული...

Sunday, June 20, 2010

არასრულფასოვნების კომპლექსი


ტერმინი “არასრულფასოვნების კომპლექსი” ფსიქოლოგიაში ფროიდის მოსწავლემ, ალდგორ ადლენმა დაამკვიდრა. მისი აზრით, არასრულფასოვნების კომპლექსი ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა და მას ცხოვრების მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს, რადგან სწორედ ეს განცდა წარმოადგენდა სწრაფვას სრულქმნისაკენ.

მიუხედავ ადლერის ამ გამონათქვამისა, ვფიქრობ, სულაც არაა ეს კომპლექსი წინსვლისა და გამარჯვების იმპულსი, რაგდან პიროვნებებს, რომლებსაც აწუხებთ შინაგანი კომპლექსები, იმდენად ეშინიათ წარუმატებლობის და რაც მთავარია, გარშემო არსებული სოციუმის რეაქციისა, რომ მუდამ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ. (ჩრდილში ჯდომით ვინ გარუჯულა წარმატების მზეზე?? )

არასრულფასოვნების კომპლექსი, ანუ თვითშეფასების დაბალი დონე, წარუმატებლობის შიში და კომპეტენტურობის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი – ასე ხსნიან ამ ტერმინს ფსიქოლოგები.

ალბათ ყველა ადამიანი ილტვის ე.წ სრულქმნისაკენ. თუმცა კი ეს ცნება ყველასთვის ინდივიდუალურია. ზოგი ამას სხეულის და გარეგნობის სრულყოფაში ხედავს, ზოგი გონებრივში, ზოგი ინდივიდუალიზმში, ხოლო როდესაც ადამიანის სურვილები, ამბიციები და შესაძლებლობები არ ემთხვევა ერთმანეთს, ჩნდება არასრულფასოვნების კომლექსი.

კომპლექსის ჩამოყალიბებაში ლომის წილი მიუძღვის ოჯახს, ანტურაჟს - იმ სოციუმსა, რომელშიც პატარა იზრდება. ეს კომპლექსი ხომ სწორედ ამ დროს, ბავშვობაში ჩნდება, შემდეგ კი, უკვე მოზრდილ ასაკში იჩენს თავს, მაშინ როცა თავის დამკვიდრებისა და საკუთარი შესაძლებლობების დასაბუთების დრო დგება.

არასწორი თვითშეფასება შეიძლება ჩამოუყალიბდეს ბავშვს, რომელსაც გამუდმებით რაღაცას უკრძალავენ. ჩვენი შიშიც რომ ეს “არ შემიძლია” მოდის სწორედ ამ შორეული ბავშვობიდან, როდესაც დედის თქმით “არ შეგვეძლო” გვეჭამა საკუთარი ხელით, ჩვენ თვითონ “ვერ გავაკეთებდით” ამა თუ იმ საქმეს და ა.შ.

სხვა გარემოში კი, სადაც ცდილობენ ბავშვი წაახალისონ, დაეხმარონ და გააკეთებინონ მას ესა თუ ის საქმე დამოუკიდებლად ან ვინმეს დახმარებით, ბავშვი თავდაჯერებული ხდება და უჩნდება განცდა, რომ ის არაფრით არაა სხვაზე ნაკლები.

ალბათ ხშირად გინახავთ არაორდინალურად ჩაცმულ-დახურული ახალგაზრდები, სხვადასხვა ფერის თმითა და ათასგვარი ლითონით აღჭურვილები. ყოველთვის მიჩნდებოდა შეკითხვა, რატომ აკეთებენ ისინი ამას? ჩემი აზრით იმიტომ, რომ ამით ყურადღებას იქცევენ, ე.ი აკლდა მათ მანმადე ეს ყურადღება, ანუ მან ვერ დაიმკვიდრა საკუთარი თავი ამათუიმ სოციალურ ჯგუფში, მაგალითად, ოჯახში, მეგობრების წრეში, სკოლაში და ა.შ. და თუ იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს, მას სჭირდება 9საყურე, იგი გაიკეთებს მას. ვფიქრობ ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა შინაგანი კომპლექსის.

არადა, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება სულ ადვილია, თუკი იპოვე შენი ნიშა ამ ცხოვრებაში...

Tuesday, May 25, 2010

თოჯინები იცინიან... კი არა და, უკრავენ

დღეს იიისეთი სასიამოვნო თავგადასავალი მქონდააა.

რუსთაველის გამზირზე სრულიად შემთხვევით მოვხვდი. პირველ სკოლასთან გაჩერებაზე მდგარს მუსიკის ხმა შემომესმა, ჰოდა, როგორც ”დიდი მელომანი” გავყევი მუსიკის ჰანგებს. მოკლედ ერთგან დიიიდი თავყრილობა დავინახე და მივხვდი, რომ მოვედი

გავარღვიე ”კოლონა” და დავინახე ორო ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი თოჯინებს მინიატურულ როიალსა და ვიოლონოზე ”აკვრევინებენ”...

იმდენი ხალხი იყო მოგროვილი, ოპოზიციას შეშურდებოდა ეჭვი მაქვს, ”აქციების სეზონზე” შეამჩნევს ვინმე და საქმეს გამოუჩენს ამ ბიჭებს...

ვყრიდი და ვყრიდი ხურდას (თურმე) მათ სკივრში, რომელიც ნასიამოვნები მსმენელის ”გულუხვობაზე” მიუთითებდა...

აზრზე მაშინ მოვედი ჯიბიდან უკანასკნელ 40თეთრს რომ ვიღებდი ვისღა ახსოვდა ჯიბის ფული, ასე ჯიბეგამოფხეკილი წამოვედი შინ.

მივხვდი, რომ ჩემი სტუდენტური ბარათი ჩემი სიმდიდრეა კიდევ იმას მივხვდი, რომ ჯიბეში ბევრი ფული არ უნდა მქონდეს.

წამოვედი... რათქმა უნდა მათი ”დაშლა, არ მოშლის შემდეგ” ავტობუსში სხვა რაზე უნდა მეფიქრა, თუ არა იმაზე, როგორ ”გამომეცხო” პოსტი, ამეკვიატნენ იდეები და აღარ მომასვენეს, ჰოდა ფეხი არ მქონდა შემოდგმული სახლში, რომ უკვე ჩემს ლეპტოპთან ვიჯექი ... ჰოდა, მგონი ეს ჩემი ყველაზე ოპარატიული პოსტია ფრიად ნასიამოვნები გახლავართ. უყურეთ და დატკბით, თუმცა ლაივში უკეთესი იყო ნამდვილად


სულ ახლახანს გავარკვიე, რომ ეს ბიჭები მარიონეტების თეატრის მსახიობები არიან, ეს თოჯინებიც და ინსრუმენტებიც სულ თავისი ხელით გაუკეთებიათ... აფხაზეთიდან დევნილი ამ 3ძმის ამბავს კარგად გამოვიკითხავ და განვაგრძობ პოსტების ციკლს

Tuesday, February 2, 2010



How we can become so rich?

როგორც ყველა, მეც შემაწუხა ამაზე ფიქრმა....
თვის ბოლოს ფული რომ შემოგაკლდება ადამიანს. რა აზრი აღარ მოგივა თავში...

მდიდარი რომ გახდე, ან მარკ ცუკერბერგზე ჭკვიანი პროგრამისტი უნდა იყო, რომ facebook-ზე უკეთესი სოციალური ქსელი შექმნა, ან ჯეიმს კამერონზე ნიჭიერი რეჟისორი უნდა იყო, რომ "ავატარის" რეკორდი - 1,14მილიარდი გააუმჯობესო, ან ანჯელინა ჯოლის შვილობილებზე იღბლიანი....

ან...

მოკლედ, ოცნებას თავი დავანებოთ...
პირველ რიგში სამსახური ასაჭირო, რაც ჩვენს ქვეყანაში ესოდენ ჭირს. არადა, პარადოქსია პირდაპირ, რომ მეტროს ყველა სადგურში, ქუჩის ყველა კუთხეში სამსახურს გთავაზობენ და პატარ-პატარა "ვიზიტკებს" გიკუჭავენ ხელში...
საკმარისია!

თუმცა, მოიცა... საკმაოდ მიმზიდველი შემოთავაზებებია...
სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის ფურცლებზე ვკითხულობთ ერთსადაიმავე ტექსტს: "გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე...", "ვაკანტური ადგილი მენეჯერის თანამდებობაზე..." და ა.შ.
მართალია ახლა უბრალო გამყიდველსაც კი მენეჯერის იარლიყი მიარტყეს, მაგრამ რა ვქნათ, ბატონო, "არამენეჯერებმა" და "არამართვის სპეციალისტებმა"?

აააა... ვკითხულობთ: "საქმის ადგილზე შესწავლითო"...

მოკლედ, პროცედურები მარტივია: რეკავ,აწერინებ მონაცემებს (ზოგი ვიზუალურსაც მოითხოვს ), 1კვირაში გირეკავენ, რომ "გახვედი" მე-2 ტურში (ოღონდ არ იცი რომელი მონაცემით).
მიდიხარ ამაყი, გამარჯვებული სახით, ისევე როგორც ის 500სხვა, რომლებმაც დარეკეს...
რატომღაც "არაჩვეულებრივ პაკალენიაში" მოხვდი, სადაც ყველა კარგები ხართ, ამიტომ ყველა იხდით 2კვირიანი ტრეინინგის 30ლარს...

დადიხარ ტრეინინგებზე დაიმედებული, შენ ხომ საუკეთესო ხარ, როგორც ის 499?

2 კვირის შემდეგ:

შენ გაქვს 2-ით მეტი წიგნი წაკითხული (მდიდარი მამა, ღარიბი მამა... 1-ლი და მე-2 ნაწილი, სამწუხაროდ ავტორი აღარ მახსოვს... ), იცნობ 499 კაციც მეტს, გაქვს 10 არა სალექციო ჟურნალში (სტუდენტებისათვის ხომ შეთავსებითაა...) და 30 ლარით ნაკლები ჯიბეში...

P.S. მილიონერობას ვინ ჩივის და სამსახურის შოვნაზეც არ ღირებულა ოცნება.... ისევ ჯობია იქ, ზევით ვეძებოთ ვინმე და ამასობაში ჩვენი ოჯახის გარღვეული ბიუჯეტის შესაბამისად დავიკმაყოფილოთ მოთხოვნები...

და რა იცი, 30ლარიანი ცოდნა სად დაგჭირდეს კაცს....

Monday, January 18, 2010

ნანატრი "გამარჯობა"

მოკლედ, რამდენი ხანია ერთი ჩემი მეგობრის (გამოცდილი ბლოგერია, დიდი ხანია ერთი სახალისო ბლოგი აქვს :P ) წყალობით, ბლოგი მაქვს...

ოღონდ ბლოგი "ყოფნა არ ყოფნა"

ჯერ ანა-ბანა მასწავლა ... მერე გ,დ და ე-ზეც გადავედით და ახლა უკვე სერთიფიკატსაც ველოდები

იმედია ვასასი ერთ ფარატინა ფურცელზე არ დამზარდება..