
დე, იცი, მე თვითონ ავაშენე, მე თვითონ მოვრთე და მოვკაზმე, მე თვითონ ვაფარებდი ხელებს, როცა ქარი ქროდა და მე თვითონვე დავადგი ფეხი...
იცი, დე, ბავშვობაში ზღაპარს რომ მიკითხავდი კაცზე, რომელიც სახლს აშენებდა და სხვები უნგრევდნენ, მეტირებოდა და ცრემლებს ჩუმად ვიწმენდდი, რომ არ დაგენახა...
იგივე განცდაა..
ალბათ უფრო მწარე..
ალბათ არა! ნამდვილად...
ისევ უკან ვიხედები, ან გვერდზე, ან თავს ვხრი...
ვიყურები იქით, საითაც არ ხარ...
ისევ მრცხვენია ჩემი ცრემლების..
და ისევ...
აღარ მიყვარს ზღაპრები და აღარც სიზმრებს მინდა ვხედავდე...
ეს კუბიკებიც, ბავშვობიდან გამომყვა, ისევე როგორც ოცნების უნარი, გამუდმებით ვშლი და ვაწყობ... მგონი ნევროზიც მაქვს...
ასე ვაშენებ ჩემს სამყაროს, ხან ფერადი კუბიკებით, ხანაც შავ-თეთრით...
დავგეგმე...
შევახამე...
მოვზომე...
მაგრამ ვეღარ დავაწყვე...
ჰოდა დავანგრიე(თ).....
რა მნიშვნელობა აქვს კარგად დასრულდა თუ ცუდად...
მთავარია, რომ დასრულდა.
და დავსვი წერტილი!....
დე, იცი, გავიზარდე და ახლა აღარ ვტირი ბიძია თომაზე...
ახლა ჩემს ცხოვრებაზე მეტირება, უფრო მეტი ემოციით და სიბრალულით...
კალთა მათხოვე, იქ არ შემრცხვება ჩემი ცრემლების...
რაც შეგეხება “შენ”!..
ახლა ეს უნდა ვაშენო...
და უნდა ვუყურო ჩემსავე აშენებულ (უ)შენობას...
აღარ მჯერა ზღაპრების...
და საერთოდაც, დავაკვირდი, რომ ახალი წელი ყოველთვის 31 მარტს დგება და არა მაშინ, როცა ფეიერვერკს უშვებს ჩემი მეზობელი...
იმასაც დავაკვირდი, რომ შავ (უ)შენობას ავაშენებ, თუ ფერადს, მზე მაინც ანათებს და მათბობს, ისევე როგორც მაშინ.
მე არ ვიცი სად იწყება სამოთხე და სად მთავრდება ჯოჯოხეთი, თუმცა კარგად ვიცი სად ვიწყები მე და სად მთავრდები შენ!!....
სწორედ აქ!.. ძახილის ნიშნით და დიდი შავი წერტილით, მძიმედ დასმულით, მაგრამ მაინც!..

