Sunday, June 12, 2011


მე 1 წელი რუსეთზე დამოკიდებულ საქართველოში ვიცხოვრე. 20 წელია დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე ვარ, თუმცა ვერ მივხვდი როდის ვიყავი თავისუფალი, მაშინ, როცა დედა ლუკმა-პურის საშოვნელად საქართველოს ფარგლებს გარეთ გავგზავნე, თუ მაშინ, როცა ამ ლუკმა-პურს პაპა პურის რიგში ელოდა...

იქნებ მაშინ, როცა თავისუფლად გავედი ქუჩაში და დაყაჩაღების არ შემეშინდა, ან იქნებ მაშინ, როცა ავტომატიანი კაცები მამას მანქანით აჩერებდნენ... მახსოვს როგორ ვკანკალებდი შიშისგან და როგორ ამოვისუნთქე, როცა მამას ქსივამ “გაჭრა”.

იქნებ მაშინ, როდესაც ბებიამ ჩუმად ნაყიდი ფარდა ჩემს ოთახში დაკიდა და ძალიან მომწონდა მასზე ამოქარგული ორნამენტები, ან იქნებ მაშინ, როდესაც მამას ნათხოვარი მოტოროლათი ვიწონებდი თავს. 

თავისუფლება იქნებ მაშინ ვიგრძენი, როდესაც საარჩევნო უბანზე მივედი ერთ-ერთი ნომრის შემოსახაზად, ან ყველას გადასახაზად...

იქნებ ახლა ვარ თავისუფალი, როცა ამ პოსტს ვწერ...

ვერაფრით მივხვდი სად და როდის ვიყავი ან ვარ თავისუფალი. ან როგორ შეიძლება შევიგრძნო...

ვიცი, ვხვდები და ვაცნობიერებ, რომ ორივე ფეხით საკმაოდ მყარად ვდგავარ მიწაზე, თუმცა გამუდმებით მაქვს განცდა, რომ ფეხქვეშ მიწა მეცლება... ეს ხომ არაა თვისუფლება? თუ პირიქით, არადეკლარირებული მონობაა?

თავისუფლება? სურვილს მოწყურება? ვისი ან რისი? საიდან, როგორ და რანაირად?

იმას ვხვდები რისი მოტანა უნდოდა ან შეეძლო დამოუკიდებლობის დეკლარაციას, თუმცა ვერაფრით მივმხვდარვარ რატომ არ შევიცვალეთ თავად ჩვენ? იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ვერ ვგრძნობთ თავისუფლებას?

ჩიტია მხოლოდ თავისუფალი, როცა თავისუფლებას მას მსაზღვრელად ვუყენებთ?

იქნებ სწორედ ესაა ის უსასრულო დასასრული, რისიც ასე მეშინია მე...

ან იქნებ!...

თქვენ როდის იყავით თავისუფლები? მაშინ, როცა აქციიდან აქციაზე დარბოდით და სახელს სახელზე ყვიროდით, თუ მაშინ, როცა სწორედ სიმღერ-სიმღერით ვკარგავდით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?

იქნებ მაშინ, როდესაც სტალინის ბიუსტს აფეთქებდით და ისტორის შლიდით, აფხეკდით და ანადგურებდით პირისაგან მიწისა...

ან იქნებ!..

No comments:

Post a Comment